საქართველო რუსეთის გარეშე (ვერ) გადარჩება?
Ⓒ გიორგი იაგანაშვილი
2003 წელს საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის" შედეგად ქვეყნის ევროპეიზაცია და დემოკრატიული ღირებულებების ათვისება დაიწყო. დაიწყო ინტელექტუალურ რესურსებზე კონცენტრაცია, ჩამოყალიბდა ახალი საზოგადოებრივი გონი, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფლებას იყო მოკლებული და, ამის შედეგად, ერის მებრძოლი სულიც აღორძინდა. საქართველომ და ქართველმა ხალხმა ევროპული, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელწმიფოს მშენებლობა დაიწყეს. ჩვენი ქვეყნის მსგავსი სახეცვალება რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობდა, რადგან საქართველოს მიერ ამოქმედებული რეფორმები, სწორედ, მათი იმპერიალისტური და ჩაგრული პოლიტიკისგან გათავისუფლებას გულისხმობდა.
ემბარგო, როგორც წარუმატებელი სადამსჯელო ბერკეტი კრემლის ხელში
2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ რიგი სანქციები აამოქმედა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის შესუსტებისკენ, უფრო მეტად კი მისი "მორჯულებისკენ" იყო მიმართული. ემბარგო დაწესდა რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანაზე და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს მშპ-ს 15% ვარდნას გამოიწვევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

თავად რუსეთსაც არ აწყობდა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ ასე ქვეყანას შეასუსტებდა და მარტივად მოახდენდა მასზე პოლიტიკურ გავლენას. 2006 წლის დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნახსენებია, რომ რუსული ემბარგო დიდ გავლენას საქართველოზე არ მოახდენდა და, ნამდვილად, 2006 წელს ქვეყნის მშპ 8%-ით გაიზარდა.


ქვეყნის შემდგომმა განვითარებამ და ლიბერალური, უსაფრთხო პოლიტიკური გარემოს შექმნამ გამოიწვია უცხოური ინვესტორების მოზიდვა, რამაც განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ისტორიისთვის 2007 წლის წარმატებულ წლად გამოცხადება (საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი, გვ. 53).



ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთის გარეშე არამხოლოდ გადარჩა, არამედ გაცილებით უფრო სწრაფადაც გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანმა სფეროებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს გარედან მომავალ ნეგატიურ იმპულსებზე და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. ასე, მაგალითად, ღვინის საექსპორტოდ ახალი ბაზარი მოიძებნა - ჩინეთი, იაპონია, ევროპის ქვეყნები, აშშ. ეს რუსული ბაზრის მთლიან ჩანაცვლებას არ ნიშნავს, თუმცა ქართული ეკონომიკის სტაბილურობისთვის გადადგმული რაციონალური ნაბიჯი იყო.
საგარეო ვაჭრობა
რუსეთი მუდმივად ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოს, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. თითქოს რუსეთი ყველა ქვეყნის ბაზრისა და ეკონომიკის გადამრჩენელია და მის გარეშე ზარალდება როგორც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, ასევე ისეთი გარდამავალი სახელმწიფოების ეკონომიკაც, როგორიც საქართველოა.

რუსეთისთვის ემბარგო ერთგვარი სადამსჯელო ბერკეტია, თუმცა, საქართველოს ასევე შეუძლია ალტერნატიული ბაზრით სარგებლობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთიში საქართველოს საექსპორტო წილი მხოლოდ 14%-ია, მაშინ, როდესაც რუსეთი და მისი დეზინფორმატორები ირწმუნებიან, რომ საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტი პროდუქტი გადის ექსპორტზე.
მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.7%-ით გაიზრდება, 2021 წლისთვის კი 5%-ით.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რუსეთთან მუდმივი ბრძოლის შედეგად საქართველოს ეკონომიკა განადგურდა" . სხვადასხვა მედია საშუალებებმა რუსეთში განაცხადეს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გამწვავების გამო საქართველოს ეკონომიკა შესუსტდა, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს. 2018 წლის მონაცემებით, სხვადასხვა სფეროდან რუსეთისგან მიღებული თანხა საქართველოს მშპ-ს მხოლოდ 10, 3%-ს შეადგენს.
საქართველომ 2019 წლის მონაცემებით ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის ნიშნული შეინარჩუნა და ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რაზეც საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ანგარიში მეტყველებს.
Galt & Taggart-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2006 წლამდე ქართული ღვინის ექსპორტის 92% რუსეთზე მოდიოდა. 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა ემბარგო დაუწესა ქართულ ღვინოს, საქართველოდან ღვინის ესპორტი 53 ქვეყანაში ხორციელდება და დღეს რუსეთის წილი 60%-ზე ნაკლებია.
ტურიზმი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 8 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს მიმართულებით ავიარეისების გაუქმებას მოითხოვდა. დოკუმენტში ნახსენებია, თითქოს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რუსეთის ხელისუფლება იძულებული იყო რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს ნაბიჯი გადაედგა.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წინა წელთან შედარებით 13% -ით არის გაზრდილი.
რუსი ტურისტები აღარ შემოდიან საქართველოში?
საქართველოს ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს 2019 წლის მეორე კვარტალის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 437,510 რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. გასული წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 318,173-ს შეადგენდა
რუსი ტურისტები მთლიანი ტურიზმის ნახევარს შეადგენენ?
რუსი ტურისტების წილი საქართველოს ტურიზმში - 1.8%, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წილი – 0.5%-ია.
1. აღნიშნული ცხრილი ნათლად აღწერს, რომ რუსეთის მოქალაქეები ტურისტული მიზნით საქართველოში გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ. დინამიკა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 37.5% არის გაზრდილი.



2. იკვეთება სტატისტიკა რუსი ტურისტების საქართველოში ინტენსიური შემოსვლის, მიუხედავად ფრენების გაუქმებისა, რუსი ტურისტები სხვადასხვა გზით საქართველოში მაინც შემოდიან, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, ვლადიმერ პუტინის არასწორ გადაწყვეტილებაზე, თითქოს ფრენების აკრძალვით საქართველოს მიმართულებით, საქართველოში რუსი ტურისტები ვეღარ შემოვიდოდნენ.




ზემოაღნიშნული ფაქტები და მონაცემები ცხადყოფენ იმას, რომ საქართველომ შეძლო და გაუმკლავდა რუსულ სანქციებს წლების განმავლობაში, გამონახა გზები სტაბილური ეკონომიკის შესანარჩუნებლად. საქართველოს შეუძლია იყოს რუსეთისგან დამოუკიდებელი და ამან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არ შეუშალოს ხელი, ვინაიდან საქართველოს შეუძლია ალტერნატიული ბაზრებით სარგებლობა, ისევე, როგორც ნორვეგიის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო. პრორუსული ნარატივი, თითქოს საქართველოს ეკონომიკა რუსეთის გარეშე ჩაიძირება, აზრს მოკლებულია.
2019
© All Right Reserved. Giorgi Iaganashvili
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website